დაპირისპირება გარდაბანში

გამგებელი: გარდაბანში დაძაბულობა ამოწურულია

IPN

გარდაბნის გამგებლის, ამბაკო ავალიანის ინფორმაციით, გარდაბანში ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ყველანაირი დაძაბულობა ამოწურულია. მისი თქმით, გუშინ შერიგდნენ ისინი, ვინც თავდაპირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

"ეს ადამიანები შეხვდნენ გუშინ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ყველანაირი დაძაბულობა ამოწურულია. ყველა ორიენტირებულია იმისკენ, რომ გარდაბანში სიმშვიდე იყოს", - განაცხადა ავალიანმა.მისივე თქმით, გარდაბანში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

გარდაბანში რამდენიმე ათეული ადამიანი ერთმანეთს 28 მაისს ფიზიკურად დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წევრებსა და აქტივისტებს შორის მოხდა. ვითარების განმუხტვას თავდაპირველად პოლიცია ცდილობდა, მოგვიანებით კი, საქმეში სპეცდანიშნულების რაზმი ჩაერია. აზერბაიჯანელი მოსახლეობა აცხადებდა იმასაც, რომ დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა და არა პოლიტიკურზე.

დაძაბულობა გარდაბანში გუშინაც გაგრძელდა. 500-მდე ეთნიკური აზერბაიჯანელი ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვდა. მოგვიანებით აქცია უკვე ე.წ. 9-იანების უბანში გაიმართა, სადაც ქართველები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი მათთან ხელკეტებით შეიარაღებულნი მიდიოდნენ დასაპირისპირებლად, თუმცა, ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

კომენტარები