დაპირისპირება გარდაბანში

არასამთავრობოები: სამართალდამცავებმა დროულად გამოიძიონ გარდაბნის ინციდენტი

ეთნოსთაშორისი ურთიერთობების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები გარდაბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. მათი განცხადებით, ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს და დაპირისპირებამ ეთნიკური ელფერი მიიღოს. ისინი მიმართავენ სამართალდამცავ სტრუქტურებს, დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები და ფაქტი ოპერატიულად გამოიძიონ, ასევე, გატარდეს კანონით განსაზღვრული სანქციები დამნაშავე პირების მიმართ.

"გარდა ამისა, მოვუწოდებთ ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს, სიფრთხილით მოეკიდონ შექმნილ ვითარებას და თავი შეიკავონ ინციდენტში ჩარევისაგან პოლიტიკური ქულების მოპოვების მიზნით. ასევე გარდაბნის მოსახლეობას მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ და თავიანთი ქვემდებებით ნუ შეაფერხებენ შესაბამისი სტრუქტურების მუშაობას. ამას გარდა, მივმართავთ მედიას, რათა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ფარგლებში იმოქმედონ", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და აღნიშნავენ, რომ გარდაბანში დაპირისპირება ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს (სვანებს) შორის მოხდა.

"თავდაპირველად ინციდენტი რამდენიმე პირს შორის მოხდა, თუმცა ის ამით არ ამოიწურა და მოგვიანებით ინციდენტში მონაწილე სვანების საახლობლო გაემართა გარდაბნის ჩაიხანაში. იქ იმყოფებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი აზერბაიჯანელები, რომელთაც თავდაპირველ ინციდენტთან კავშირი არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დაპირისპირებამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო, სადაც მონაწილეობას 400-მდე ადამიანი იღებდა. ინციდენტი 05:00 საათამდე გაგრძელდა, მიუხედავად ადგილობრივ სამართალდამცველთა მცდელობისა, განემუხტათ სიტუაცია. მხოლოდ სპეცრაზმის ჩარევის შემდეგ მოხერხდა სიტუაციის დროებითი განმუხტვა, თუმცა დილიდან გარდაბნის ცენტრში ორივე მხარის წარმომადგენლები კვლავ შეიკრიბნენ. მათი რიცხვი 150 კაცს აღწევს და ვითარება უფრო და უფრო იძაბება. აღსანიშნავია, რომ შეკრებილ საზოგადოებაში აქტიურად შეინიშნებიან პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ლიდერები, ასევე შეიმჩნევა ცალკეულ პირთა მხრიდან კონფლიქტის პროვოცირება რელიგიური ნიშნით, თუმცა ის არ ჰპოვებს მხარდაჭერას შეკრებილთა შორის", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ მრავალეროვანი საქართველოს თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი, ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი აგიტ მირზოევი და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის თავმჯდომარე ზაურ ხალილოვი.

კომენტარები