კარლ ბილდტი

ვოლსკი: ნუ დავესხმებით თავს კარლ ბილდტს

„ჩვენ გვმართებს პოლიტიკური სიბრძნე, როდესაც რომელიმე საერთაშორისო მოღვაწეს ვაფასებთ", - ამბობს საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, კარლ ბილდტზე საუბრისას.

გია ვოლსკის არ სურს, პოლიტიკურ ოპონენტებს „კიდევ ერთი პოლიტიკური სპეკულაციის" საბაბი მისცეს.

„შვედეთს აქვს განსაკუთრებული წონა როგორც გაეროში, ასევე ევროკავშირში. შვედეთი არის ჩვენი მოკავშირე, ჩვენი ინტერესების გამზიარებელი. ელჩი ამბობს კარლ ბილდტზე, რომ მისი ლობისტური ორგანიზაცია მხარს უჭერდა სააკაშვილს და უამრავი თანხა აქვს გადარიცხული სააკაშვილის ხელისუფლებას ამ ორგანიზაციისთვის. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ კარლ ბილდტი არის რაღაც კორუფციულ სისტემაში ჩართული. არ მინდა, რომ ჩემს ოპონენტებს კიდევ ერთი პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველი მივცე - რომ დაჯდნენ და დაწერონ, რომ აი, გია ვოლსკი გამოვიდა, პოლიტსაბჭოს წევრი და ფრაქციის ხელმძღვანელი და კარლ ბილდტზე... არ არის ეს ასე", - ამბობს ვოლსკი.

მისივე თქმით, შვედეთის „საკმაოდ დემოკრატიული პოლიტიკური მმართველობა" თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ჩათვლის, რომ ბილდტი კორუფციულ სქემაშია გარეული, ან ამ ბრალდებას უპასუხებს.

„მაგრამ ჩვენთვის ეს საინფორმაციოა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, შევაფასოთ, სწორი ხედვები დავდოთ და ისე ვიმოქმედოთ, რომ საქართველოს ინტერესი არ დავაზიანოთ. ნუ დავესხმებით თავს კარლ ბილდტს, იმიტომ რომ შვედეთის ხელისუფლება ამას სხვანაირად გაიგებს, თვითონ მივხედავო, გეტყვის, თუ რამე დანაშაული მიუძღვის. მაგრამ, მეორე მხრივ, თვითონ საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულება ასეთი დიდი მოვლენების მიმართ, ხშირ შემთხვევაში, არის გამწვავებული. როდესაც პოლიტიკაზეა ლაპარაკი, შეფასებებში ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ. გიდასტურებთ, რომ ეს არის სკანდალური განცხადება, მაგრამ რა გამოძახილი ექნება ამას შვედურ საზოგადოებაში, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, ეგ არავინ იცის. ამიტომ ნუ ვიჩქარებთ, მივხედოთ აქ ჩვენს სიტუაციას", - ამბობს ვოლსკი.

შეგახსენებთ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტსა და საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის გარიგებაზე დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა 11 სექტემბერს ისაუბრა.

კომენტარები