პრეზიდენტთან ურთიერთობა

პრემიერი: პრეზიდენტთან ასეთ ურთიერთობას არ ველოდი, ისევე როგორც ბატონი ბიძინა

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ძალიან განიცდის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ურთიერთობის საკითხს. მისი განცხადებით, ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება.

"მე ძალიან განვიცდი ამ საკითხს, რომ გითხრათ, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ, მოგატყუებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის, რაც ხდება, ის რაც ვიხილეთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ არ მოველოდით ამას, ისე როგორც ბატონი ბიძინა არ მოელოდა, არც მე არ მოველოდი ამას, ამგვარ ურთიერთობებს, მაგრამ ყველა თავის საქმეს გააკეთებს, ერთმანეთს, როგორც მინიმუმ, ხელს არ შევუშლით და ეს ყველაფერი დარეგულირდება. მე მჯერა, რომ პრეზიდენტიც და პარლამენტიც, მთავრობაც, სასამართლოც ყველანი ვიმუშავებთ. მედია, რომელსაც გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ამიტომ თუ ყველა ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ. ეს არის ყველაზე მთავარი, თუ ჩავერევით ერთმანეთის საქმეებში, მაშინ ხდება კონფლიქტი", - თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა პოზიცია, რომ კონკურენციაში იყოს მთავრობასა და პარლამენტთან. მისივე თქმით, "დაბნეულია მთელი გუნდი, რადგან გუნდის წევრი იყო ეს კაცი, გუნდმა იზრუნა მის გაპრეზიდენტებაზე, დღეს კი მარგველაშვილს არავისთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს". 

კომენტარები