პრეზიდენტთან ურთიერთობა

პეტრიაშვილი: პრეზიდენტს სჭირდება დახმარება და არა დათვური სამსახური

eu-integration.gov.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, პრეზიდენტს სჭირდება დახმარება იმის გარკვევაში, თუ სად გადის პასუხისმგებლობის სფეროებს შორის ხაზები. მისივე თქმით, "პრეზიდენტს სჭირდება დახმარება და არა დათვური სამსახური". როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებულ ურთიერთობაში გარკვეული ვაკუუმი არსებობს, რის შესავსებადაც საჭიროა პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური ნება. 

"პირველი არის ის, რომ არსებობს კომუნიკაციის პრობლემა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას ამ კომუნიკაციაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და მეორე - რაც ძალიან მნიშვნელოვანია - პრეზიდენტს სჭირდება დახმარება იმის გარკვევაში, თუ სად გადის პასუხისმგებლობის სფეროებს შორის ხაზები. ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, ვინ ვისი გარანტორია, ვინ - აღმასრულებელია. პრემიერის, მთავრობის გუნდის მხრიდან ასეთი მზაობა არის, მაგრამ ეს მზაობა დაყრდნობილი უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე. საჭიროა, პრეზიდენტმა ყურადღებით მოუსმინოს მთავრობას, საკანონდებლო ხელისუფლებას. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე, საგარეო პოლიტიკაზე, რეფორმების განხორციელებაზე, აგრეთვე უმუშევრობის, ეკონომიკის გაჯანსაღებასა და ეკონომიკის ზრდაზე და არა იმაზე, თუ ვისი გარანტორია და ვის რა პასუხისმგებლობა აკისრია", - განაცხადა პეტრიაშვილმა. 

კომენტარები