პრეზიდენტთან ურთიერთობა

პეტრიაშვილი: მე სხვა ტიპის პრეზიდენტს დავუჭირე მხარი და სხვას ვხედავ დღეს

eu-integration.gov.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, "მე სხვა ტიპის პრეზიდენტს დავუჭირე მხარი და სხვას ვხედავ დღეს". ამის შესახებ პეტრიაშვილმა Facebook-ში დაწერა და აღნიშნა, რომ "პრეზიდენტს სჭირდება დროულად განმარტება და, რაც მთავარია, სწორი განმარტება, გნებავთ დახმარებაც დაარქვით ამას, სად, ვინ, რაზეა პასუხისმგებელი და რისი გარანტი, თორემ კონკურენცია მე გამიგია ბიზნესში, გნებავთ სპორტულ გუნდში მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ადგილის დაკავებისთვის, მაგრამ არა პოლიტიკურში".

პეტრიაშვილის განცხადებით, "მთავრობაში, მადლობა ღმერთს, ასეთი კონკურენცია არ არსებობს". მინისტრი აღნიშნავს, რომ არც პარტია თავისუფალ დემოკრატებში.

"ყველაფერი შეთანხმებულია და გარკვეულია. მე ასე მესმის: ან არის გუნდი, ან არა/ვერა. თუ შეთანხმება შედგება მსოფლიო მედიის ჩარევის, აჟიოტაჟის და საყოველთაო ისტერიის გარეშე, ნამდვილად გამიხარდება. ჩემი აზრით, სწორი და მართებული ასე იქნება. მთავრობა ამისთვის მზად არის. პრეზიდენტი? არ ვიცი. მინდა, რომ იყოს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. ბოლო ბოლო გზებიც თუ გაიყოფა, არც ეს არის დიდი უბედურება. ასეც შესაძლებელია ცხოვრება, ოღონდ სიცხადით, და დროული სიცხადით. ძალიან ბევრი პრობლემაა მისახედი და არც ხალხი უნდა გავტანჯოთ და არც აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებებს აქვთ მაგაზე დროის ხარჯვის ფუფუნება", - წერს პეტრიაშვილი და ურთიერთპატივისცემის აუცილებლობაზე საუბრობს.

"ჯერ კიდევ გახსოვთ ალბათ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაც. იყო ერთი მითქმა მოთქმა, ვინ მივიდა, ვინ არ მივიდა. ვისაც ეგების და არ ეგების, დღეს ძალიან ბევრი დგას პრეზიდენტის ინსტიტუტის სადარაჯოზე. კი ბატონო. გჯერათ, არ გჯერათ, მეც გულწრფელად გიერთდებით. ჩემს მიმართაც გაისმა კრიტიკა, მაგრამ აქ მიჩნდება ერთი შეკითხვა: ჩემგან თუ მოითხოვება პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემა, პრეზიდენტი რომ ამბობს და გვარწმუნებს, მე ვარ კონსტიტუციის გარანტიო, რომელ კონსტიტუციის გარანტობაზეა საუბარი, როცა გამარჯობაც კი ძნელად ან საერთოდ არ ემეტება, როგორც თავად ბრძანებს, "სახელმწიფოს და არა მთავრობის მინისტრებისთვის". გამარჯობის თქმას და ხელის ჩამორთმევას რაღა უდგას წინ, მაგ. საბჭოს სხდომის დაწყებამდე? არც ხელის ჩამორთმევით ან არჩამორთმევით დამაკლდება ან მომემატება მე პირადად რამე, მაგრამ აქ საკვანძო სიტყვა არის ურთიერთპატივისცემა - არსებობს ასეთი კარგი და მრავლისმეტყველი სიტყვა!" - აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი.

კომენტარები