ინტერვიუ დეიმონ უილსონთან

უილსონი: სურვილი, რომ ვიღაც გამოთიშო პოლიტიკურ პროცესებს, ჯანსაღი არ არის

ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონი ტაბულასთან ინტერვიუში საქართველოში ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. მისი თქმით, სურვილი იმისა, რომ ვიღაც გამოთიშო პოლიტიკურ პროცესებს, ჯანსაღი არ არის.

"უეჭველია, რომ თუ საქართველოს სურს, წარმატებას მიაღწიოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, მას უნდა აღიქვამდნენ, როგორც მზარდ დემოკრატიას, განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტებით. ეს ახალია საქართველოსთვის. გასული წლების მანძილზე საქართველო იზრდებოდა, იხვეწებოდა. ამ საქმისთვის საქართველოს სჭირდება არა მხოლოდ არჩეული ხელისუფლება, არამედ ძლიერი ოპოზიცია, ძლიერი პოლიტიკური დინამიზმი. ნაციონალური მოძრაობა მმართველი ძალა იყო, ახლა ის ოპოზიციაშია. მას აქვს თავისი ადგილი როგორც ქართულ პოლიტიკაში, ისე საქართველოს მომავალში. მე მინდა, იმედი მქონდეს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ფოკუსირდებიან იმაზე, თუ როგორ უზრუნველყონ ქვეყნის წინსვლა, როგორ გააგრძელონ რეფორმები და ინტეგრაცია ევროპულ საზოგადოებასთან, რასაც აუცილებლად ექნება პოზიტიური გავლენა საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.

მე მინდა, იმედი მქონდეს, რომ ამას დააყენებს ხელისუფლება წინა პლანზე და არა წარსულის გასამართლებას. ეს ჩემი პირადი აზრია იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიოს საქართველომ წარმატებას. ამიტომ მე ძალიან მაშფოთებს ის, თუ როგორ ვითარდება პროცესები. სურვილი იმისა, რომ ვიღაც გამოთიშო პოლიტიკურ პროცესებს, ჯანსაღი არ არის.

მე მჯერა, რომ საქართველოს უნარი გახდეს ევროატლანტიკური სივრცის წევრი, მჭიდრო კავშირშია საქართველოს უნართან, იყოს დემოკრატიული ქვეყანა, რაც გულისხმობს ყველანაირი პოლიტიკური ხმისთვის სარბიელის მიცემას - იქნება ეს წარსული და არსებული ხელისუფლება, თუ სხვა ოპოზიცია", - ამბობს უილსონი. 

უილსონის თქმით, საქართველოში ოპოზიციის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით აშშ-ში შეშფოთება მატულობს.

"ცხადია, მე არ ვიცი ყველა საუბრის შინაარსი, რაც ამერიკის ხელისუფლებას ჰქონია საქართველოს მთავრობასთან დიპლომატიური არხებით, მაგრამ ვხედავ, რომ შეშფოთება მატულობს. ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსანთა რაოდენობა, რომელიც ან ბრალდებულია, ან ბრალდება ემუქრება, აჩენს სერიოზულ ეჭვებს დემოკრატიული დისკუსიის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე. ვხედავ, რომ ყურადღება და წუხილი გაზრდილია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. მგონია, რომ ეს საკითხი გულახდილი პირადი საუბრების თემაცაა",- აღნიშნავს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი.

კომენტარები