ინტერვიუ დეიმონ უილსონთან

უილსონი: უელსის სამიტის დეკლარაციის 31-ე პარაგრაფი გარკვეულწილად პრობლემატურია

ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონი ტაბულასთან ინტერვიუში NATO-ს უელსის სამიტის დეკლარაციის 31-ე პარაგრაფზე საუბრობს, რომელშიც ნათქვამია -"კონფლიქტების არსებობა განსაკუთრებული შეშფოთების საგანს წარმოადგენს, რადგანაც ზიანს აყენებს რეგიონის მოქალაქების შესაძლებლობას, მიაღწიონ ევროატლანტიკური საზოგადოების სრულ წევრობას". უილსონი მიიჩნევს, რომ 31-ე პარაგრაფის ნაწილი გარკვეულწილად პრობლემატურია.

"31-ე პარაგრაფის ნაწილი გარკვეულწილად პრობლემატურია. ცხადია, თქვენს ინტერესებშია, რომ ალიანსმა მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და იდეას, რომ ისინიც კი, ვინც დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ, საქართველოს მომავლის შემადგენელი ნაწილები არიან. ეს კარგია. ოღონდ საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ალიანსის ეს ტექსტი შესაძლოა, ხაფანგი აღმოჩნდეს თუ აღქმულ იქნა, რომ მანამდე, სანამ ტერიტორიული დავები არსებობს, ინტეგრაციის მიმართულებით წინსვლა არ იქნება. ეს კი მოსკოვისთვის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების ბერკეტის მიცემას ნიშნავს. ამგვარი აღქმა გააძლიერებს პუტინის სტრატეგიას, არა მხოლოდ საქართველოსთან და მოლდოვასთან, არამედ ახლა უკვე უკრაინასთან მიმართებით.

ამიტომ, ალიანსი ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცეს, რათა პუტინის სტრატეგია - რაც მეზობლების დაქუცმაცებას გულისხმობს იმ მიზნით, რომ მიმზიდველობა დააკარგინოს ევროკავშირში ან NATO-ში ინტეგრაციის კუთხით - მომგებიანი არ აღმოჩნდეს. ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ, თორემ გამოვა, რომ საქართველოს ბედი რუსეთში წყდება. ეს დაუშვებელია როგორც ჩემთვის, ვფიქრობ, ალიანსის წევრებისთვის. ასე რომ, რასაკვირველია, დეკლარაციის სიტყვებს და ენას მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნავს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონი. 

კომენტარები