კავკასუს ონლაინი

GNCC: კავკასუს ონლაინი ვალდებულია, ამოწმოს მის მიერ რეგისტრირებული გვერდი

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კავკასუს ონლაინში კრიმინალური პოლიციის შესვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასა და ვებსივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. GNCC-ის განმარტებით, ინტერნეტდომენის გამცემი ვალდებულია, პერიოდულად ამოწმოს მის მიერ რეგისტრირებული ინტერნეტგვერდის შინაარსი, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტსივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. კავკასუს ონლაინი კი აღნიშნავს, რომ კომპანია პასუხს არ აგებს სერვერზე განთავსებულ მასალებზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით, ინტერნეტსივრცეში აკრძალულია პორნოგრაფიის და სხვა დაუშვებელი პროდუქციის განთავსება.

"ამავე რეგლამენტით, ინტერნეტმომსახურების გამწევი პირი, ინერნეტპროვაიდერი ვალდებულია შეიმუშავოს ისეთი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, გააუქმოს ან განაკავშიროს მომსახურება, თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ვებსივრცეში განთავსებულია დაუშვებელი პროდუქცია. ამავე დროს, ინტერნეტდომენის გამცემი (შპს „კავკასუს ონლაინი“) ვალდებულია პერიოდულად ამოწმოს მის მიერ რეგისტრირებული ინტერნეტგვერდის შინაარსი, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტსივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. ელქტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კომისიის რეგლამენტის დარღვევა სანქციის დაკისრების საფუძველია. რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში პორნოგრაფიული მასალის განთავსებას, საქართველოს რატიფიცირებული აქვს ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ, რომლის გათვალისწინებით პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის შესაბამისად დასჯადი ქმედებაა. დამატებით საჭიროა აღინიშნოს, რომ კონკრეტული საქმის დეტალები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ამ ეტაპზე უცნობია. კომისია აღნიშნულ საკითხს შეისწავლის და კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს", - აცხადებს GNCC.

გავრცელებული ინფორმაციით, კავკასუს ონლაინში 1-ლ ოქტომბერს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კრიმინალური პოლიცია შევიდა. პოლიციამ კავკასუსის ოფისიდან სერვერები ამოიღო, რომლებზეც განთავსებული იყო დიდი რაოდენობით ბავშვთა პორნოგრაფიული მასალები.

კომენტარები