დაკავება ესპანეთში

ესპანეთში პოლიციამ ქართველებისგან შემდგარი მძარცველთა ჯგუფი დააკავა

policia.es

ესპანეთში პოლიციამ 6 ქართველისგან და 1 ესპანელისგან შემდგარი მძარცველთა ჯგუფი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური ყოველდღიური გაზეთი La voz de Galicia ავრცელებს. ნაციონალურმა პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ქალაქ კორუნიასა და ბარსელონაში ოთხ ბინას მიაკვლია, სადაც მძარცველები მოპარული ნივთების დიდ რაოდენობას ინახავდნენ. მძარცველთა ჯგუფმა ორი თვის განმავლობაში 102 სახლი გაძარცვა.

გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი მას შემდეგ აღებდა სახლის კარს, რაც დარწმუნდებოდა, რომ იქ არავინ იყო. მძარცველები იპარავდნენ სამკაულებს, ტანსაცმელს, მობილურ ტელეფონებს და სხვა პატარა ელექტრომოწყობილობებს. ძარცვის შემდეგ ბინას კვალის გარეშე ტოვებდნენ, რის გამოც სახლის პატრონები რამდენიმე საათის მანძილზე ვერ ხვდებოდნენ, რომ მათი ბინა გაძარცვული იყო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს ესპანეთში ქართველთა დაკავების მეორე შემთხვევაა. წინა კვირას ესპანელმა სამართალდამცველებმა სპეცოპარაცია სახელწოდებით „ქართული“ რამდენიმე რეგიონში - მადრიდში, კატალონიასა და კასტილია-ლამანჩოში ერთდროულად ჩაატარეს, რის შედეგადაც ბინების ძარცვის ბრალდებით 28 ქართველი დააკავეს

კომენტარები