ე.წ. გასაღების თემა

პეტრიაშვილი: მოსმენებზე ე.წ. გასაღები შსს-ს არ უნდა ჰქონდეს

თავისუფალი დემოკრატების წევრი ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ორგასაღებიანი სისტემა უნდა არსებობდეს. მისივე განმარტებით, არცერთი გასაღები არ უნდა ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

"ორი გასაღების პრინციპი აუცილებლად მიგვაჩნია იმისთვის, რომ რეალურად განხორციელდეს კონტროლი და წერტილი დაესვას ამ მოსმენებს და ამ მანკიერ პრქტიკას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ გასაღებებიდან არცერთი არ უნდა იყოს შსს-ში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორი გასაღებიდან ერთ-ერთი იყოს სასამართლოში, ხოლო რაც შეეხება მეორე გასაღებს, ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია ვიმსჯელოთ და განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტები. მაგრამ ეს არ უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის დამატებითი რეგულაციებია საჭირო.

"უსაფრთხოების საკითხები უნდა მოწესრიგდეს შესაბამისი რეგულაციებით. ამის პრაქტიკა არსებობს აშშ-შიც და სხვა ქვეყნებშიც, რომ დამატებითი რეგულაციები იქნას მიღებული, რომლებიც კონკრეტულად შეეხება ანტიტერორისტულ საქმიანობას, უსაფრთხოებასთან დკავშირებულ ყველა ელემენტებს და ეს უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი რეგულაციებით", - განმარტა პეტრიაშვილმა.

კომენტარები