ე.წ. გასაღების თემა

გიგაური: ე.წ. გასაღებების თემაზე კანონპროექტი დეპუტატმა უნდა დაარეგისტრიროს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წინადადებაც ინიცირებული იყოს რომელიმე დეპუტატის მიერ - ამის შესახებ ე.წ. გასაღებების საკითხზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

გიგაურის თქმით, კარგი იქნება, თუ კანონპროექტს ქართული ოცნების რომელიმე წევრი დაარეგისტრირებს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წინადადებაც ინიცირებული იყოს რომელიმე დეპუტატის მიერ. ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუკი ეს მოხდება ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიების ან მათ მიერ, ვინც კოალიციიდან გამოვიდა. გუშინ გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიძლება ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ნაციონალურმა მოძრაობამ დაარეგისტრიროს. ჩვენი აზრით, უფრო სწორი იქნება, თუკი ეს მოხდება იმ ძალის მიერ, რომლის ერთ-ერთი დაპირება წინასაარჩევნოდ იყო ის, რომ ტოტალური მოსმენები არ იქნება. პროცესისთვის ეს იქნება უკეთესი, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ შემდგომ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება, ამ პროცესის დისკრედიტაცია და, შესაბამისად, ჩვენი დისკრედიტაცია მოახდინოს. ასე რომ, ჩვენ დაინტერესებულ დეპუტატებს მოვუწოდებთ, ჩვენი ინიციატივა დაარეგისტრირონ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამასთან, მისი განმარტებით, არასამთავრობო სექტორს აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაცია თავისუფალ დემოკრატებთან უკვე ჰქონდათ, თუმცა მათი საბოლოო პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

"ყველა წვალობს იმისთვის, რომ არ აწყენინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 2 წელია მიმდინარეობს ეს პროცესი და ზოგადად პარლამენტიც ვერ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ცუდი. თუკი იქნება პოლიტიკური ნება, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს", - აღნიშნა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედების ინიციატივით გამოდიან, რომელთაგან ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, ხოლო მეორე - მობილურ კომპანიებს.

კომენტარები