აფხაზეთის კონფლიქტი

ზაქარეიშვილი: შესაძლოა სოხუმთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა განვიხილოთ

სოხუმსა და თბილისს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენა, საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ შეიძლება განიხილოს და შეისწავლოს - ამის შესახებ გაზეთ ВЗГЛЯД-ის ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

ВЗГЛЯД-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთი ამ საკითხს პირველად ახმაურებს ასეთ კონტექსტში. მან დამატებითი კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ამ საკითხთან დაკავშირებით თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ლიდერების მოთხოვნა კატეგორიულია - აფხაზეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ამ შეთანხმებაში მონაწილეობას, თუ ის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ისე იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს მხარი დაუჭირა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით. ამის შესახებ რუსული სააგენტო РИА Новости იუწყება.

„მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია, სხვა პარტნიორებთან ერთად მოვიფიქროთ და, საერთო თანხმობის შემთხვევაში, განვახორციელოთ ისეთი პროექტი, როგორიცაა სატრანზიტო სარკინიგზო მიმოსვლა სოხუმსა და თბილისს შორის", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

მისი თქმით, ასეთი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ურთიერთობების განვითარებას ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის.

კომენტარები