კანონი ფარული მოსმენების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსმენების შესახებ კანონს აქციით გააპროტესტებენ

netgazeti.ge

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროქტს ფარული მოსმენების შესახებ აქციით გააპროტესტებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

„ჩვენ გავაპროტესტებთ ხვალ აქციის ფორმით ამ კანონპროექტის მიღებას. და მომავალშიც ამ საკითხს უყურადღებოდ არ დავტოვებთ და ვეცდებით, რომ (პროტესტის) კიდევ ერთი ტალღა წამოვიწყოთ", - განაცხადა ლომჯარიამ.

პარლამენტმა დღეს ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის სამი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი 75 ხმით 58 -ს წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ ასევე კენჭი უყარა ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ჩავარდა. მის წინააღმდეგ ხმა 71 დეპუტატმა მისცა, 61-მა კი მხარი დაუჭირა.
ხმალაძის კანონპროექტს ხმა ქართული ოცნების სამმა დეპუტატმა - ვანო კიღურაძემ, თამარ კორძაიამ და ელისო ჩაფიძემ, მისცა.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტის მიხედვით, ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, მეორე კი მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ვახტანგ ხმალაძე კი ფარული მოსმენის გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას ითხოვდა. ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები მხარს ხმალაძის კანონპროექტს უჭერდნენ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „ვერ იქნებოდა წარმოდგენილი ისეთი პროექტი, რომელსაც ექნებოდა სრული მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური სპექტრის, ისე საზოგადოების მრიდან".

„შერჩეული მოდელი არის საუკეთესო გამოსავალი. შესაბამისი რესურსის, შესაძლებლობებისა და კონტროლის მექანიზმების გათვალსიწნებით", - აღნიშნა სესიაშვილმა.
პარლამენტმა ფარული მიყურადების შესახებ კანონი 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. პრეზიდენტმა კანონპროექტის მომზადების 2015 წლის თებერვლამდე გადავადებას ვეტო 31 ოქტომბერს დაადო.

კომენტარები