მაღალი ხელფასები

განათლების სამინისტრო: კონსტულტანტის ანაზღაურება UNDP-ის გრანტიდან ხორციელდება

განათლების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც კონსულტანტ ალექსანდრე შელიასთვის 143 000 ლარის ოდენობის ხელფასის გადახდის საკითხებია განმარტებული. 

"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ ბატონი ალექსანდრე შელია გახლავთ  განათლების ხარისხის ელექტრონული მართვის პროექტის საერთაშორისო კონსულტანტი და მისი ანაზღაურება ხორციელდება არა საბიუჯეტო სახსრებიდან, არამედ  გაეროს განვითარების პროგრამის მიზნობრივი გრანტიდან, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ავტომატიზაციის მიზნით, მიმდინარე ზემოაღნიშნულ პროექტში, ბატონი ალქესანდრე შელია, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, მოწვეულია საერთაშორისო კონსულტანტის რანგში. გაეროს განვითარების პროგრამასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, განსაზღვრულია ანგარიშვალდებულების წესები, რომლის დაცვაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის სავალდებულოა. შესაბამისად, საერთაშორისო კონსულტანტის მიერ შესასრულებელი კომპლექსური სამუშაო და ამოცანები, მის მიერ შექმნილი პროდუქტის ღირებულება, შესაბამისი ანაზღაურება და ანაზღაურების პირობები ხელშეკრულებაში დეტალურადაა გაწერილი. ამდენად, დონორთან შეთანხმებით, ცენტრმა შეასრულა მიზნობრივი გრანტის განხორციელების ფარგლებში წარმოქმნილი ვალდებულება",-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა 5 დეკემბერს ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელად და კონსულტანტად აიყვანეს ალექსანდრე შელია. რომელსაც თვე-ნახევარში 143 000 ლარი გამოუწერეს. ირმა ნადირაშვილის თქმით, შელია აღნიშნულ თანხას 2014 წლის 10 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში აიღებს.

კომენტარები