თბილისობის საქმე

თბილისობის დღესასწაულის საქმეზე გამოძიება მითვისება-გაფლანგვაზე მიმდინარეობს

მთავარი პროკურატურა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ შესყიდვების საქმეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მითვისება-გაფლანგვის მუხლებით იძიებს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროკურატურა მერიაში შევიდა. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ გამოძიება შეისწავლის მერიის მიერ გადაგზავნილ დოკუმენტაციას. 

"მერიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით მთავარი პროკურატურა განამარტავს, რომ თბილისის მერიასა და გამგეობებში არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა და არც მიმდინარეობს. პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება 2014 წლის თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებული შესყიდვის კანონიერების შესწავლის მიზნით. ხსენებულ საქმეზე მერია გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც მოხდება მერიის მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტაციის შესწავლა. ამ საქმეზე გამოძიება სისხლს სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს", - აცხადებენ პროკურატურაში.

დედაქალაქის მერია ადასტურებს, რომ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, გამოძიების პროცესში თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული. 

"თუმცა, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან თბილისის მერიაში და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის დოკუმენტაციის ამოღების მიზნით, სიმართლეს არ შეესაბამება. ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებულ შესყიდვებზე, თბილისის მერია გამოძიებას მიაწოდებს სრულ დოკუმენტაციას, რისი მოგროვების პროცესიც მიმდინარეობს და აპირებს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას გამოძიებასთან სიმართლის დასადგენად", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები