ცესკოს წევრობის კანდიდატები

საკონკურსო კომისია ცესკოს წევრობის 9 კანდიდატს პრეზიდენტს დღეს წარუდგენს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა 37 განაცხადი განიხილეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  საკონკურსო კომისიამ თითო ვაკანტურ ადგილზე სამი პირი შეარჩია და, შესაბამისად, პრეზიდენტს დღეს 9 კანდიდატს წარუდგენს. მათგან ექვსს გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად შვიდი დღის ვადაში გადაუგზავნის.

ღია კონკურსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად 8 დეკემბერს გამოცხადდა. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე და საპარლამენტო მდივნის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი თამარ ბენაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები : კახა კოჟორიძე, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური და ხათუნა ლაგაზიძე.

კომენტარები