ე.წ. კორტების საქმე

ობუდსმენი: ე.წ. კორტების საქმეზე საზოგადოებამ ყველა კითხვაზე პასუხი უნდა მიიღოს

radiotavisupleba.ge/
საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებამ ყველა კითხვაზე პასუხი უნდა მიიღოს. ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ ის პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
 
"ქართული საზოგადოება ამ საქმის გამოძიებას დიდხანს ითხოვდა. ჩვენ ზოგადად ამ პროცესის მონიტორინგს მოვახდენთ, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული დაკავებულთა უფლებები. გამოირიცხოს ნებისმიერი სახის დარღვევა და კანონის უზენაესობა იყოს გარანტირებული. ჩემთვის მნიშვნელოვანია - რეალური შედეგი დადგეს და ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არსებობდა", - განაცხადა ნანუაშვილმა.
 

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმე გახსნილად გუშინ გამოაცხადა და 11 პირი დააკავა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავას უშუალო ხელმძღვანელობით, ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი დაინტერესების მოტივით დაიგეგმა. 

დაკავებულები არიან პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები - ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე, ლევან ბეროძე, კახაბერ ნაკანი, გიორგი გულბიანი, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმის 6 წევრი. კიდევ ერთ პირზე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანზე, გრიგოლ კვინიკაძეზე კი ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანეს, რადგან კვინიკაძე ამ ეტაპზე საქართველოში არ იმყოფება. 

კომენტარები