ე.წ. კორტების საქმე

თარგამაძე:კორტების საქმეზე განაჩენი წმინდად პოლიტიკურია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ე.წ. კორტების საქმეზე მოსამართლის მიერ გუშინ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება. დეპუტატ გიგი თარგამაძის თქმით, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროკურატურის ბრალდება განაჩენში პირდაპირ გადაიტანა, რაც, მისივე თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ განაჩენი თავიდანვე, ჯერ კიდევ 3 წლის წინ იყო განსაზღვრული.

„ამ შემთხვევაში ცნობილი არაა რითი დააშანტაჟეს ის [მოსამართლე], მაგრამ მან კორტების საქმის განაჩენში, პრაქტიკულად პირდაპირ გადმოიტანა პროკურატურის ბრალდება და ქვეყნის წინაშე დამსახურებულ პოლიციელებს, მათ შორის საომარ მოქმედებებში მონაწილე, მრავალი ჯილდოს მფლობელ ადამიანებს სასჯელის სახით 12, 6 და 3 წელი განუსაზღვრა. მთელი ამ პროცესის მიმდნარეობა მეტყველებს იმაზე, რომ განაჩენი ჯერ კიდევ 3 წლის წინ იყო განსაზღვრული, როდესაც ეს შემთხვევა „ქართული ოცნების" მიერ წინასაარჩევნოდ იყო გამოყენებული", ამბობს თარგამაძე.

დეპუტატი მსჯავრდებულებზე ზეწოლაზე საუბრობს და იხსენებს შემთხვევას, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა მეთაურმა, კახაბერ ნაკანმა, თვითმკვლელობა სცადა.

„მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს ის შესაბამის დაწესებულებაში. გარდა ამისა, პროკურატურა უხეში ჩარევებით ცდილობდა მათთვის სასურველი ჩვენებები მიეღო, ზეწოლით, სანაცვლოდ თავისუფლებისა და ფულის შეთავაზებით. ასეთი ზეწოლის შემდეგ მათ სპეცრაზმელთა ნაწილისგან მიიღეს სასურველი ჩვენებები და შესაბამისად ისინი თავდებით გაათავისუფლეს, შემდეგ კი საერთოდ აიცილეს განაჩენი", - ამბობს თარგამაძე. მისი შეფასებით, განაჩენი პოლიტიკურია.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დამნაშავედ ხუთი ბრალდებულიდან ორი - ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე ცნეს. მათ საბოლოო სასჯელად 12 წლიანი პატიმრობა განესაზღვრათ. თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები