ე.წ. კორტების საქმე

თარგამაძე ნაკანის საქმეზე: აღიძრას საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით

გივი თარგამაძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

აღიძრას სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ კახაბერ ნაკანის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.

თარგამაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი საავადმყოფოში მკურნალობას დამთავრებს, ის ე.წ. მატროსოვის ციხეში უნდა გადაიყვანონ და უნდა შეწყდეს სპეცრაზმელების სისხლისამართლებრივი დევნა.

„გადაწყდეს მისი და სხვა სპეცრაზმელების წინასწარ პატიმრობაში ყოფნის შეწყვეტის საკითხი, რიგითი სპეცრაზმელების მიმართ შეწყდეს სისხლისამართლებრივი დევნა“, - განაცხადა თარგამაძემ.

თარგამაძის თქმით სპეცრაზმელების პატიმრობაში ყოფნა პირადად ბიძინა ივანიშვილის სურვილი და ბრძანებაა.

„ვიცით რომ ზოგადად ეს საქმე უსინდისო შინაგან საქმეთა მინისტრსაც აწუხებს, მაგრამ გამოვიდა სპეციალურად ამ საკითხზე ყოფილი პრემიერმინისტრი რომელსაც წესით და კანონით ამ საქმესთან არაფერი არ ესაქმება და მისცა მითითება, რომ ისინი არ უნდა გაათავისუფლონ“ - განაცხადა თარგამაძემ.

სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა ხელმძღვანელმა კახაბერ ნაკანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვენები გადაიჭრა. ნაკანის ადვოკატის თქმით, ციხის თანამშრომლებმა ოპერატიულად იმოქმედეს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ნაკანი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. 

"ნაკანი დიდი ხანია, უშედეგოდ ითხოვს გლდანის #8 დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას. მას ეკუთვნის, რომ როგორც სამართალდამცველი, გადაიყვანონ ე.წ. მატროსოვის ციხეში. ნაკანმა მიმართა როგორც სახალხო დამცველს, ასევე სამინისტროს, თუმცა მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვშიშობ, რომ კახა ნაკანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს", - განუცხადა ადვოკატმა სააგენტო ინტერპრესნიუსს და აღნიშნა, რომ ნაკანი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.

სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ ნაკანი, ექვსი სპეცრაზმელი და კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დააკავეს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები