რიგგარეშე სხდომა

უსუფაშვილი: ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ

Jamestown.org

მიმდინარე კვირაში პარლამენტში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მოუსმენენ. თუმცა, ეს არ იქნება რიგგარეშე სხდომა, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. როგორც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი დარგობრივი კომიტეტის სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას. საკომიტეტო მოსმენის ზუსტი თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

"მე ბიუროს სხდომის დაწყებამდე მქონდა საუბარი ბატონ ზურაბ ტყემალაძესთან, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე ფინანსთა მინისტრთან, ბატონ ნოდარ ხადურთან და ამ კვირის ბოლოს ჩატარდება საკომიტეტო მოსმენა ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც კიდევ ერთხელ განვიხილავთ მიმდინარე ვითარებას ქვეყნაში, ფინანსური თვალსაზრისით, ეკონომიკურ მდგომარეობას და ა.შ. ეს თემა მუდმივი ყურადღების ქვეშაა ჩვენი მხრიდან და ამ კვირის ბოლოს საკომიტეტო მოსმენის რეჟიშიც იქნება განხილული. თარიღი და დღე გამოცხადდება, ეკონომიკის მინისტრი უცხოეთში იმყოფება ვიზიტით და მასთანაც გაირკვევა ეს საკითხები და უახლოეს ხანებში თავად კომიტეტის თავმჯდომარე გვაცნობებს განხილვის ზუსტ დროს და ადგილს, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება ამ კვირის ბოლო დღეებში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პრეზიდენტისგან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა კიდევ ერთხელ მოითხოვა. პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი უკვე შეიტანა. ენმ რიგგარეშე სესიაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების მოწვევას და ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობას ითხოვს.

"სამწუხაროდ, ყოველდღიურად გრძელდება საქართველოს ეკონომიკის გაღარიბების პროცესი. ხელისუფლება ამ პროცესში ავლენს სრულ უნიათობას და უუნარობას. მათ არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ პრეზიდენტსა და პარლამენტს, რომ მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა, რათა განხილულ იქნეს ჩვენი ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ფართომასშტაბიანი გეგმა. პრეზიდენტი პასუხისმგებელი და ვალდებულია, მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება და გამოსცეს შესაბამისი აქტი. იმიტომ, რომ ეს საკითხი შედის უკვე საზოგადოების ინტერესთა #1 რიგში", - თქვა ბეჟაშვილმა.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტს თავისუფალი დემოკრატებიც მიმართავენ. ისინი რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას დღეს ბიუროს სხდომაზეც მოითხოვენ. თავისუფალ დემოკრატებს პარლამენტში მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწვევაც სურთ. 

კომენტარები