რიგგარეშე სხდომა

ღარიბაშვილი: ოპოზიციას მივმართავ, შეწყვიტონ აჟიოტაჟი

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას ფარისევლობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტონ აჟიოტაჟი. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან დაინტერესებული ქვეყნის ბედით და მათი მიზანი არსებული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვაა. 

"მართლაც გამაოგნებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხეს ჩვენმა ოპოზიციურმა ძალებმა. თუ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული ხალხის მდგომარეობით, თუ ისინი რეალურად განიცდიან იმ ყოფას, რომელიც დღეს არის საქართველოში, წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს თუ ისინი რეალურად განიცდიან, მინდა მათ მივმართო, რომ შეწყვიტონ აჟიოტაჟი. გუშინ ვიხილეთ, რომ პარლამენტში ძალიან ცივილურ ფორმებში შედგა საკომიტეტო მოსმენა. მასზე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები იყვნენ წარმოდგენილები, რომლებმაც ყველა კითხვას გასცეს პასუხი, ჩვენ მოვახსენეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. გასულ წელს იყო ძალიან პოზიტიური წელი, მაგრამ წელს ვინაიდან მსოფლიოში არის რთული ვითარება, განსაკუთრებით ჩვენს სამეზობლოში, რუსეთში, უკრაინაში, ვერ ვიქნებით გამონაკლისი. ჩვენი ვართ პატარა ეკონომიკა, პატარა ქვეყანა ვართ და ვართ მიერთებული მსოფლიო ეკონომიკასთან. ბუნებრივია, ისევე, როგორც სხვა ქვეყნები, ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარე მოვლენები ნეგატიურად აისახა, ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი ფარისველობა, რასაც ისინი აკეთებენ. თქვენ ნახეთ, ჯერ სხდომა მოითხოვეს, შემდეგ 2-ჯერ დანიშნეს სხდომა თუ ვერ დანიშნეს. აბსოლუტურად გაუგებარია. ეს ჩვეულებრივი ფარისევლობაა. ისინი არ არიან დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ბედით, მათი პრობლემებით. მათი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო დაძაბონ არსებული ვითარება ქვეყანაში", - თქვა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასაც მიმართა. "ეკონიმიკას სჭირდება მშვიდი გარემო. სჭირდება რეალური ქმედება და არა აჟოიოტაჟი და რაღაც გაუგებარი ყვირილი, რომელიც არავის არ სჭირდება. მოსახლეობას არ სჭირდება ყვირილის მოსმენა. მოსახლეობას სჭირდება გაიგოს, თუ რას აკეთებს მთავრობა. ამიტომ იგივეს მოგიწოდებთ არა მარტო ოპოზიციურ ძალებს, არამედ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ჩართულებიი ხართ ამ ქაოსში და რეალურად ქმნით ქვეყანაში ქაოსს. ეს არის ჩემი მოწოდება და გთხოვთ, რომ ვინც რეალურად ხართ დაინტერესებული, რას აკეთებს მთავრობა სიტუაციიდან გამოსვლის კუთხით, შეგიძლიათ, ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე უნდა ემსჯელათ, ჩაიშალა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქუთაისში არ ჩავიდნენ. სხდომის გამართვისთვის საჭირო 76 დეპუტატის დასწრება იყო, თუმცა რეგისტრაცია მხოლოდ ოპოზიციის წევრებმა გაიარეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების შეფასებით, უმრავლესობის ბოიკოტი ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობის გამოხატვაა. მმართველი კოალიციის წევრები კი ფიქრობენ, რომ დღევანდელი სხდომა აჟიოტაჟს გამოიწვევდა და სავალუტო კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებდა. უმრავლესობის წევრების თქმით, ქუთაისში ჩასვლა დამატებით ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. ყოფილი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ქუთაისში ჩავიდა პარლამენტის ვიცესპიკერი მურმან დუმბაძე.

კომენტარები