ექსპორტი

კვირიკაშვილი: ექსპორტის წახალისება უმნიშვნელოვანესი მიმართულება უნდა გახდეს

ექსპორტის წახალისებაზე ორიენტაცია ქვეყნის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი მიმართულება უნდა გახდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის ყოფილ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, ექსპორტის მხარდაჭერა აუცილებელია და მხოლოდ პროექტი "აწარმოე საქართველოში" არ არის საკმარისი. მისი თქმით, იტალიური და გერმანული ინსტიტუტების დახმარებით ჩამოყალიბდება ინსტიტუტი, რომელიც ფუნქციონირებას უკვე აპრილის ბოლოს დაიწყებს და ექსპორტის წახალისებისთვის იმუშავებს.

„ექსპორტის წახალისებაზე ორიენტაცია ქვეყნის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი მიმართულება უნდა გახდეს. არაერთმა კრიზისმა აჩვენა, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ღია ეკონომიკა და განვითარებული ექსპორტის პოტენციალი, გაცილებით უფრო მდგრადები არიან კრიზისების მიმართ, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებიც იმპორტის ჩანაცვლებაზე არიან ორიენტირებულები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრება. სხდომა 20 წუთის დაგვიანებით, წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ სამხედრო კურსანტებს მიაგეს. 

ხვალ საქართველოს პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომაც არის ჩანიშნული. რიგგარეშე სხდომა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა. თუმცა, უმრავლესობის წევრები სხდომაზე მისვლას არ აპირებენ, რის გამოც, სავარაუდოდ კვორუმი ვერ შედგება.

კომენტარები