ზუგდიდში ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმა

კონჯარია ზუგდიდის თავდასხმაზე: პოლიციას არც დავუკითხივართ

ტაბულა

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ლევან კონჯარიას შეფასებით, "ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლება, რომლებმაც არ იცის, რა ქნას". როგორც კონჯარიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ჩართვისას განაცხადა, რადგან ფილმის - სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა - ზუგდიდში ჩვენებას ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი არ მოჰყვა, "მათ მოილაპარაკეს, რომ კვირას თავს დასხმოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს".

"ეს არის უნიათო, არაფრის გამკეთებელი ხელისუფლება. ვერ გავიგე, რა უნდათ, რა მიმართულებით მიდიან" - თქვა კონჯარიამ და აღნიშნა, რომ მათ გამოიძახეს პოლიცია, თუმცა, დაზარალებულები არც დაუკითხავთ და არც დაუბარებიათ.

"შემიძლია გითხრათ, რომ პოლიცია ამ საკითხით დაკავებული არ არის" - თქვა ენმ-ის წევრმა, რომელსაც გუშინდელი თავდასხმისას ხელკეტით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"21 მარტს ძალიან ბევრი ხალხი წამოვა ზუგდიდიდან, სამეგრელოდან. ხალხი განაწყენებულია, ეკონომიკა 0-ია. აამ ხელისუფლებას არც ანაკლია აინტერესებთ, არც განმუური, მაგრამ დადგენა არჩევნები და მოსახლეობა გასცემთ პასუხს, სამეგრელო, ზუგდიდი გასცემს მათ პასუხს" - თქვა კონჯარიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გუშინ დაახლოებით 50 ადამიანი შეიჭრა. მათ შორის საკრებულოს წევრებიც იყვნენ. ისინი ქვებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. პარტიის ოფისის შემდეგ მათ მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრში გადაინაცვლეს. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და კანონის ფარგლებში იმოქმედონ. უწყება დაპირისპირებას პროვოკაციულ ქმედებებს უკავშირებს.

კომენტარები