ზუგდიდში ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმა

პრემიერი: ზუგდიდში ენმ-ის პროვოკაცია იყო, მათ ქვები დაუშინეს აქციის მონაწილეებს

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის ოფისზე თავდასხმას თავად ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს. პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი ზონის წარმომადგენლები ხელკეტების გამოყენებაში დადანაშაულა.

"მინდა, განმარტება გავაკეთო ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რადგან ეს თემა განხილვის საგანი გახდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დავგმეთ იქ განვითარებული მოვლენები. ძალადობას არავინ მიესალმება და ეს ჩვენთვის უაღრესად მიუღებელია, მაგრამ მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს იყო, რა თქმა უნდა, პროვოკაცია, რომელიც დაიგეგმა ნაციონალური მოძრაობის მიერ. იყო მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ნაციონალური მოძრაობის და მასთან ასოცირებული ორგანიზაციის ოფისთან. მოხდა მიზანმიმართული პროვოცირება, ხელკეტები და ქვები დაუშინეს აივნებიდან აქციის მონაწილეებს, ამის შემდეგ, რაც ბუნებრივია, რეაქცია იყო ძალიან ცუდი და ნეგატიური, მაგრამ ამ ხალხს აქვს ღირსება და თავმოყვარეობა. საზოგადოებამ 9 წელი აიტანა ის ძალადობა და საშინელი რეჟიმი, რაც საქართველოში იყო გამეფებული და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავუშვათ კიდევ ძალადობა. ამას არ სჭირდება ზედმეტი დრამატიზება და მით უმეტეს, რაღაც გამოძიების... რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ კარგად გაირკვეს, ვინ არის დამნაშავე, მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს იქ, რომ ეს იყო პროვოკაცია", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში 15 მარტს დაახლოებით 50 ადამიანი შეიჭრა. მათ შორის საკრებულოს წევრებიც იყვნენ. ისინი ქვებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. პარტიის ოფისის შემდეგ მათ მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრში გადაინაცვლეს. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი დაშავდა.

კომენტარები