უეფას ჩემპიონთა ლიგა 2014-15

ვენგერი: მჯერა, შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია

17 მარტს, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება. მონაკო ლონდონის არსენალს უმასპინძლებს. პირველ შეხვედრაში, ფრანგებმა სტუმრად, 3:1 გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის ერთპიროვნული ფავორიტებიც სწორედ ისინი არიან. მიუხედავად ამისა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იმედიანად იყო ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი.

"მნიშვნელობა არ აქვს, პროცენტულად რამდენი გვაქვს შანსი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სტატისტიკა გავაქარწყლოთ. გვჯერა, რომ ამას შევძლებთ. არ ვნერვიულობ ამაზე, რადგან სურვილი არის, რწმენაც არის. ფეხბურთში ძნელია რაიმე იწინასწარმეტყველო, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ ჩემი ფეხბურთელები დღეს მოედანზე ძალიან მონდომებულები გავლენ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე თამაშის გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გვჯერა, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება", - განაცხადა არსენ ვენგერმა.

ორი წლის წინ, არსენალმა შინ სწორედ 3:1 დათმო მიუნხენის ბაიერნთან, სტუმრად კი 2 ორი უპასუხო გოლი გაიტანა, მაგრამ საბოლოოდ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ერთი ბურთი დააკლდა. რაც შეეხება მონაკოს, ფრანგები დაცვაში ძალიან საიმედოდ თამაშობენ, ცოტას უშვებენ და დიდწილად სწორედ ამის ხარჯზე, საფრანგეთის ჩემპიონატში 50 ქულით, მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან.

მატჩი მონაკოსა და არსენალს შორის, თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება.

კომენტარები