პრეზიდენტის ანგარიში

პრეზიდენტი: დასავლეთს და ევროპასაც სჭირდება ძლიერი, დემოკრატიული საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ჩვენ მტკიცე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ევროპული სახელმწიფოს განმტკიცებისკენ". ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში, ყოველწლიური გამოსვლისას თქვა და აღნიშნა, რომ დღევანდელი გამოწვევაა, თანამედროვე, ევროპული საქართველოს აშენება.

"ისტორიულად, კულტურულად, ჩვენ ევროპა ვართ. არა უბრალოდ მისი ნაწილი, არამედ, საუკუნეების განმავლობაში, ევროპის განვითარებისა და ქმნადობის თანამონაწილე. შესაძლოა, გარკვეულწილად უფრო მეტი ღვაწლიც კი მიგვიძღვის, იმიტომ რომ გეოგრაფიული სიშორიდან თუ გარკვეული მოწყვეტილობიდან გამომდინარე, ხშირად მარტოს გვიწევდა იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო ევროპული ცივილიზაციისთვის. და ჩვენი დღევანდელი გამოწვევაც სწორედ ეს არის: ყოველდღიურობაში მყარად დავამკვიდროთ ის ფასეულობები, მდიდარ მემკვიდრეობაზე ავაშენოთ თანამედროვე, ევროპული საქართველო. საქართველო, რომლის ცენტრშიც დგას ადამიანი, დიდი კულტურის მემკვიდრე, თანამედროვე ქართველი და მაშასადამე ევროპელი. ეს არის ჩვენი ამოცანაც და პასუხისმგებლობაც ცივილიზებული სამყაროს წინაშეც. ახლა, როცა მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ დასავლეთს და ევროპასაც სჭირდება ძლიერი, დემოკრატიული საქართველო. ამისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადავდგათ, საჭიროა, კარგად გავაცნობიეროთ, სად ვიმყოფებით და სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს. ამ სიმართლის წერტილიდან კი, სწორედ დავგეგმოთ და განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი. მინდა მოგიწოდოთ, ერთად შევაფასოთ მიღწევები, თვალი გავუსწოროთ პრობლემებს და მკაფიო მზერა მივაპყროთ მომავალს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები