ინტერვიუ გიუნტერ ბეხლერთან

პრემიერი ბერუჩაშვილს: გაარკვიეთ, რატომ არის შვეიცარიის ელჩი შეწუხებული

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს შვეიცარიის ელჩთან შეხვედრა და იმის გარკევვა დაავალა, "რატომ არის გიუნტერ ბეხლერი შეწუხებული". ცნობისთვის, საქართველოში შვეიცარიის ელჩის განცხადებით, საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებული პოტენციარული პრობლემები ძალიან სერიოზულია. 

"მინდა, ქალბატონ თამარს ვთხოვო, რომ იქნებ, დღეს შეხვდეთ შვეიცარიის ელჩს და გაარკვიოთ, რატომ არის ბატონი ელჩი შეწუხებული. მეც მზად ვარ, შევხვდე და მოვისმინო მისი წუხილი, რადგან ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა და მთავრობა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის ფარგლებშიც. სწორედ ამიტომ ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი. ბოლო 2 წლის განმავლობაში მოვიპოვეთ აღიარება, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ნაკლებად კორუმპირებული მთავრობა, ზოგადად ხელისუფლება, ქვეყანა. ასე რომ, ჩემთვის თითოეული კითხვის ნიშანი არის მნიშვნელოვანი. გთხოვთ, ყველაფერი გაარკვიოთ ბოლომდე და კონკრეტული ფაქტების დონეზე შეისწავლოთ თითოეული საკითხი. შემდეგ, ბატონო ვახტანგ [გომელაური], თუ საჭიროა თქვენც ჩაერთეთ და გაარკვიეთ ყველაფერი. მეც მზად ვარ, რომ დავინტერესდე ამ საკითხით, თუ რაიმე რეალური ფაქტი არსებობს. ჩვენთვის თითოეული ფაქტი არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

FINANCIAL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გიუნტერ ბეხლერი ამბობდა, რომ გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებები და რეგიონებში მოსამართლეების გახსნილობა ქრთამის მიმართ გავლენას ახდენს საქართველოში მომუშავე უცხოელ ინვესტორებზე. შვეიცარიის ელჩმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეჩერდეს აღნიშნული და გაგრძელდეს ბიზნესისთვის მეგობრული გარემო ქვეყანაში.

კომენტარები