კორუფცია და ნეპოტიზმი

ვანის გამგებელი: დამერწმუნეთ, ჩემი და დავნიშნე იმიტომ, რომ საქმეს სჭირდებოდა

ზაზა ხურციძე - ვანის გამგებელი
რუსთავი 2

ენმ-ის ანტიკორუფციულმა კომისიამ ვანში მუშაობა დაიწყო. პარტია ნეპოტიზმის და კორუფციის ფაქტების გამოვლენას გეგმავს. ისინი იმერეთში სამი დღის განმავლობაში იმუშავებენ. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ვანის რაიონი ბიძინა ივანიშვილის პირადი ტერიტორიაა.

"ვანის რაიონი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პირადი ტერიტორია. იმიტომ, რომ გამგებლად აქ დანიშნეს კახა კალაძის ოჯახის წევრის ნათელ-მირონი; საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნული არის ივანიშვილის ქართუ ბანკის ხელმძღვანელის ბიძაშვილი ლილუაშვილი. აქ ნეპოტიზმის, კორუფციის, გაჩერებული პროექტების საკმაოდ ბევრი ფაქტებია. ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხები და მრავალი პროექტი შეჩერებულია. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ სოფელ-სოფელ ვიაროთ, თითოეული კონკრეტული ასეთი ფაქტი აღვრიცხოთ", - თქვა ბეჟაშვილმა.

ენმ-ის განცხადებით, ვანის გამგებლის ზაზა ხურციძის და, სიძე და მეუღლე ადგილობრივ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამსახურებში არიან დასაქმებული. ბრალდებას თავად ხურციძემ უპასუხა.

"მანამ რატომ არ ინტერესდებოდა ბატონი ლევანი ნეპოტიზმის ფაქტებით. ჩემი შენ გითხარის პრინციპით მე უფლებას არ მივცემ. რაც შეეხება უშუალოდ ნათლიმირონობას ჩემსა და ბატონ კახი კალაძეს შორის, ეს აბსურდია. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ის მუშაობს ბაღების გაერთიანებაში 2007 წლიდან. მე არ დამინიშნავს. რაც შეეხება ჩემს დას, ის მართლაც ჩემს დროს არის დანიშნული, მანამდე მუშაობდა თბილისში, ერთ-ერთ კერძო ბაღში. რა თქმა უნდა, ვფიქრობდით, რომ ამას შეიძლებოდა, საზოგადოებაში გამოეწვია მითქმა-მოთქმა, რომ, აი, თავისი და დანიშნა, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს სჭირდებოდა საქმეს", - თქვა ვანის გამგებელმა.

კომენტარები