კორუფცია და ნეპოტიზმი

TI: ქობულეთის მუნიციპალურ შესყიდვებში სავარაუდო კორუფციის ნიშნები იკვეთება

Metronome.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევის მიხედვით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, ბადრი რომანაძის კომპანია ჯორჯიან სტოუნმა 2020 წელს მუნიციპალური შესყიდვების დაკმაყოფილების შედეგად 5 837 734 ლარი მიიღო, რაც კომპანიის წლიური შემოსვალის 58%–ს შეადგენს. 

კომპანიის სახელი ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალურ შესყიდვებშიც ფიგურირებს: ჯორჯიან სტოუნმა 2020 წელს ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ 3 სახელმწიფო შესყიდვაში, თავდაპირველად, კონკურენტებზე დაბალი ფასები დააფიქსირა, თუმცა საბოლოო ხელშეკრულება უფრო დიდ თანხებზე გაფორმდა, ვიდრე კონკურენტებისა თუ თავად რომანაძის კომპანიის შეთავაზებებში იყო განცხადებული:

წყარო: "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"

2020 წელს ჯორჯიან სტოუნმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2 მსხვილი შესყიდვიდან 5 837 734 ლარი მიიღო. ერთ–ერთ მათგანში (ტენდერის სავარაუდო ღირებულება 4.7 მილიონი ლარი იყო) კომპანიის კონკურენტს დისკვალიფიკაცია მისცეს, რაც, გარემოებების გათვალისწინებით, გაუგებარია:

ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოწყობის მეორე ეტაპის ტენდერში მუნიციპალიტეტმა დისკვალიფიკაცია მიანიჭა კომპანია Award-ს, რომელმაც თითქმის ნახევარი მილიონი ლარით დაბალი ფასი შესთავაზა და ყოფილი თანამდებობის პირის კომპანიას კონტრაქტი 4 637 636 ლარზე გაუფორმა, რაც მცირედით ჩამორჩებოდა ტენდერის სავარაუდო ღირებულებას (4 773 769 ლარი). 

კომპანიის დირექტორი, ბადრი რომანაძე 2011-2014 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო. ქობულეთის მერიამ ჯორჯიან სტოუნთან საქმიანი ურთიერთობა სწორედ რომანაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაიწყო: 2015-2020 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის შესყიდვებიდან კომპანიამ 24 647 168 ლარი (ტენდერებიდან მიღებული სრული შემოსავლის 65%) მიიღო, აქედან 6 მილიონ ლარზე მეტი - უკონკურენტო პირობებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყარო: "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიხედვით, ეს გარემოებები ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის პრინციპებს და სამართლებრივ ჩარჩოებს, რადგან უგულებელყოფს სამართლიანი კონკურენციის პირობებს და ელექტრონული ტენდერის გამართვის სხვა მიზნებს.

"ქობულეთის, ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ჯორჯიან სტოუნის გამარჯვებით დასრულებული ელექტრონული ტენდერები და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები კონკურენციის პირობების უგულებელყოფის და დაუსაბუთებელი ცვლილებების სიხშირის გამო სავარაუდო კორუფციასთან და პროცესის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით ეჭვებს აღძრავს". – წერია კვლევაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში ჯორჯიან სტოუნისთვის მორგებულ სატენდერო პირობებსა და სხვა საეჭვო გარემოებებზე კვლევა პირველად 2020 წელს გამოაქვეყნა, ორგანიზაციამ შესაბამის ორგანოებს გამოძიებისკენ მოუწოდა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

პირვანდელი კვლევის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ

 

კომენტარები