იოჰანეს ჰანის ვიზიტი

ჰანი ხელისუფლებას: გამიჯნული უნდა იყოთ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლისგან

იოჰანეს ჰანი
ტაბულა

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შერჩევითი, პოლიტიკურად მოტივირებული სამართლისგან გამიჯნული უნდა იყოს, წინასწარი პატიმრობის გამოყენების ჩათვლით. მისივე თქმით, ის კონკრეტულ სასამართლო საქმეებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, ევროკავშირი მათ ძალიან ყურადღებით აკვირდება.

"საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კუთხით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში იზრდება, რაც მჯერა, იმის პოზიტიური სიგნალია, რომ საქართველოში რეფორმები ხორციელდება. ვიღაცამ მითხრა, ფულს სჭირდება სტაბილურობა და თუ ფული საიდანმე შემოდის, ეს საუკეთესო მტკიცებულებაა, რომ აქ არის სტაბილურობა. ხანდახან მსოფლიოში ყველაფერი მარტივია.

თუმცა, ჩემი ვიზიტი საქართველოში არის შესაძლებლობა, მოგაწოდოთ დარჩენილი გამოწვევები. მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემო მიმართული იყოს დიალოგისკენ, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისკენ. მომავალი საარჩევნო კამპანია იქნება პირველი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ვიზიარებთ ხელისუფლების გაცხადებულ პოზიციას, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და მოწესრიგებული, რის შემდეგაც მისი შედეგები აღიარებული იქნება. ამ კუთხით, მედიის თავისუფლების გარანტია ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციური პარტიებისთვის მედიაზე წვდომის ჩათვლით.

მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას სასამართლო რეფორმების გატარებაში. ხაზს ვუსვამ, რომ გამიჯნული უნდა იყოთ შერჩევითი, პოლიტიკურად მოტივირებული სამართლისგან, წინასწარი პატიმრობის გამოყენების ჩათვლით. სასამართლოს დამოუკიდებლობა ასოცირების ხელშეკრულების გულია. ჩვენ ვერ შევაფასებთ ინდივიდუალურ სასამართლო საქმეებს, მაგრამ კარგად ვაკვირდებით იმას, რომ გაზიარებული პრინციპები დაცული იყოს", - თქვა ჰანმა.

კომენტარები