იოჰანეს ჰანის ვიზიტი

გიორგი მარგველაშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს, საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მნიშვნელობას და რიგის სამიტზე საქართველოს მოლოდინს.

"შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. კერძოდ, აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფართოებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებაზე.
გიორგი მარგველაშვილმა იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ რაც მოხდა უკრაინაში, გარკვეულწილად, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ქმედებების გაგრძელებაა.

"ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსობრივი დისკუსია და მსჯელობა საქართველოს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ვექტორის - ევროპული ვექტორის შესახებ და იმ ძირითადი მიმართულებებისა და ნაბიჯების შესახებ ვიმსჯელეთ, რომელიც ამ თვალსაზრისით ჩვენ უნდა გადავდგათ უახლოეს მომავალში",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ევროკავშირი დაინტერესებულია, კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან და მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ასოცირების ხელშეკრულება არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ახლა საქმე ეხება იმპლემენტაციას; მაგრამ ასევე ძალიან სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს და შეასრულებს უფრო გამორჩეულ როლს, როგორც დამაკავშირებელს აღმოსავლეთსა და ევროპას შორის პარტნიორებისათვის. საქართველოს შეუძლია იყოს არბიტრი ორ მხარეს, ორ რეგიონს შორის და ეს შესაძლოა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო როლი საქართველოსათვის მომავალში", - განაცხადა ევროკომისარმა", - იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები