ვერეს ხეობა

კონცეფციის თანახმად, ვერეს ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრი და ტყეპარკი მოეწყობა

არქიტექტურული ბიურო

თბილისის მერიაში მდინარე ვერეს ხეობის ტერიტორიული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია მიმდინარეობს. შპს არქიტექტურული ბიუროს წარმომადგენელმა მიხეილ ბალიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს კონცეფციის ჩარჩოს გეგმა გააცნო. კონცეფციის თანახმად, მდინარე ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტული კომპლექსი, ტყეპარკი მოეწყობა. ასევე, გეგმის თანახმად, ვერეს ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრი 20 000 მ/კვ ტერიტორიაზე მოეწყობა, რომელშიც საკონფერენციო-სასემინარო დარბაზები, ბიბლიოთეკა და სტუდენტური სასადილო განთავსდება.

კონცეფციის თანახმად, ამჟამინდელი მზიურის და ზოოპარკის ტერიტორიაზე ტყეპარკი მოეწყობა, ხოლო ხეობის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია სპორტული კომპლექსის მოწყობა. 

ასევე გმირთა მოედნიდან მაღლივ კორპუსამდე დაგეგმილია ველოსიპედების ტრასების მოწყობა. წარმოდგენილი კონცეფციით ტყე-პარკი 300 000 მ/კვ ტერიტორიაზე მოეწყობა.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებაზე კონკურსი 25 სექტემბერს გამოაცხადა. გამარჯვებულ პრეტენდენტად კი, შპს არქიტექტურული ბიურო გამოავლინა.

"კომპანიას კონკურსის სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საკონკურსო კომისიის შეფასების შესაბამისად, ავტომატურად მიენიჭა სტატუსი „გამარჯვებული გამოვლენილია“ - აცხადებს არქიტექტურის სამსახური.

ვერეს ხეობის საპროექტო ჯგუფში შედიან ურბანისტი მიხეილ ბალიაშვილი, ურბანისტი ირაკლი მურღულია, გეო ინფორმაციული სისტემების სპეციალისტი გიორგი მიქელაძე, ჰიდროლოგი ბაადურ უკლება , ჰიდროგეოლოგი გურამ მარგიშვილი და დენდროლოგი ლია ქურციკიძე.

კომენტარები