პროკურორის მკვლელობა

ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატებს საქმის მასალებს ორ დღეში გადასცემენ

justice.gov.ge

პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულის, გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას ადვოკატებს საქმის მასალებს ორ დღეში გადასცემენ. ამის შესახებ კუჭავას ოჯახის წევრები და თბილისის პროკურორი დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, კუჭავას ოჯახის დაქირავებული ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი პროკურატურის მიერ ჩატარებულ ყველა ექსპერტიზაში მიიღებს მონაწილეობას. იქამდე კი, ოჯახი პროკურატურის მთავარი მოწმის დავით პოპოვის სანდოობას აყენებს ეჭვქვეშ. 

ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატების მტკიცებით, დავით პოპოვი გუშინდელ შეხვედრაზე მათთან ვიდეოჩამწერით მივიდა. ისინი ვარაუდობენ, რომ პოპოვი სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდა და მათთან საუბრის ჩაწერას ცდილობდა. თავად პოპოვი სუს-თან თანამშრომლობას უარყოფს, თუმცა, აცხადებს, რომ საუბარს მობილური ტელეფონით იწერდა. 

"ტელეფონი მქონდა ჩართული, ადამიანი, რომელიც ასეთ ინტრიგას გიწყობს, რომ არ გიცნობს და მკვლელობას გაბრალებს, იმ ადამიანისგან რას უნდა ელოდო" - ამბობს პროკურატურის მთავარი მოწმე.

სამართალდამცველების ვერსიით, სწორედ დავით პოპოვის მანქანაში მოიკლა თავი ბიძინა კუჭავამ. პოპოვის თქმით, მას მეგობარმა, მოსკოვში მცხოვრებმა გოჩა კუჭავამ 16 იანვრის საღამოს სთხოვა, რომ გაერკვია, რა პრობლემა ჰქონდა ბიძინა კუჭავას და მას ქვეყნიდან გაყვანაში დახმარებოდა. მოწმის განმარტებით, ეს დახმარება თბილისი-მინსკის ბილეთის ნაწილის მიცემასა და აეროპორტამდე მიყვანას გულისხმობდა. გამოძიების მტკიცებით, დავით პოპოვს ბიძინა კუჭავა აეროპორტში მიჰყავდა, როდესაც თავი მოიკლა.

"იუსტიციის სახლთან ორი შავი ჯიპი მოვიდა, გადმოხტნენ შეიარაღებულები და ყვიროდნენ, რომ - ვართ პოლიციის თანამშრომლები, დატოვეთ მანქანა და გადმოყავით ხელები. ხელები რომ გავყავით, მე ყვირილი დავიწყე, რომ არ ესროლათ. ჩემი ცოლი ზის მანქანაში და არ შეაშინოთ მეთქი. ამ დროს გაისმა გასროლის ხმა ჩემს მანქანაში, უკან გავიხედე და დავინახე გასისხლიანებული სახე" - ამბობს დავით პოპოვი.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა კუჭავას ოჯახის მტკიცებით, გარდაცვლილს რუსეთის ვიზა არ ჰქონდა.

პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი 16 იანვარს, ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი იპოვეს, ბიძინა კუჭავამ დაიქირავა. ქირიას ცხედარს კი დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. შსს-ს ცნობითვე, კუჭავამ თავი პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის დაწყების შემდეგ მოიკლა. შსს-ში ამტკიცებენ, რომ ქირიასა და კუჭავას ახლონათესაური კავშირი ჰქონდათ, ჩადენილი დანაშაული კი არ უკავშირდება პროკურორ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობას. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები