პროკურორის მკვლელობა

TI: შს მინისტრის მოადგილე ვალდებულია, დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ვალდებულია, დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია. ცნობისთვის, თალაკვაძემ სატელევიზიო ეთერში თქვა - „პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი", რაც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად შეაფასა ბიძინა კუჭავას ადვოკატმა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მტკიცებით კი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება და ტვირთი ბრალდების მხარეს არ აქვს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აღნიშნავს, რომ "რადგან ბიძინა კუჭავა გარდაცვლილია, მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციური უფლება ვერ იარსებებს, თუმცა, საყურადღებოა მინისტრის მოადგილის მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის არსის არასწორი გაგება, რაც ქვეყანაში არა ცალკეულ შემთხვევას, არამედ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს". TI იხსენებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის სისტემატური დარღვევის შემთხვევები, პრობლემური საკითხის სახით მოხვდა საქართველოზე ეუთოს 2014 წლის ანგარიშში.

"უდანაშაულობის პრეზუმფცია სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. პრეზუმფციის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. აღნიშნული პრინციპის შინაარსი და მასშტაბი საერთაშორისო სასამართლოებმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა სხვა ორგანოებმა თავიანთ პრაქტიკაში განმარტეს.

ადამიანის უფლების ევროპული სასამართლოს შეფასებით, უდანაშაულობის პრეზუმფცია კრძალავს მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით თანამდებობის პირების მხრიდან ბრალდებული პირის დამნაშავეობაზე მითითებას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს თანამდებობის პირების იმგვარი განცხადებები, რომელიც უბიძგებს საზოგადოებას დაიჯეროს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, ასევე რომელმაც შეიძლება შემდგომში ხელი შეუშალოს სასამართლოს, რომ ობიექტურად შეაფასოს საქმის გარემოებები. ევროპული სასამართლოს განმარტებით, ცხადია, აღნიშნული არ გამორიცხავს შესაბამისი ორგანოების მხრიდან მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მხოლოდ ფაქტების სახით იქნეს მიწოდებული და მას არ ჰქონდეს დეკლარაციული, მტკიცებითი ხასიათი ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით", - აცხადებს TI.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება თანამდებობის პირებთან ერთად, ასევე ვრცელდება ბრალდების მხარის საქმიანობაზე.

"მაგალითად, 2010 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე Fatullayev v. Azerbaijan სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია გენერალური პროკურორის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში მტკიცებით ფორმაში გაკეთებული განცხადებები პირის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. სასამართლომ ყურადღება გაამხვილა იმ გარემოებაზე, რომ განცხადება გაკეთებული იყო არა სასამართლოში სიხლისამართლებრივი საქმის განხილვის ფორმატში, არამედ სატელევიზიო ინტერვიუს სახით. ამასთან, მის მიერ გახმოვანებულ იქნა არა მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, არამედ მას თან ახლდა შეფასებითი, მტკიცებითი მსჯელობა ბრალდებული პირის დამნაშავეობაზე.

მსგავსი არგუმენტაციით ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა დაადგინა 2008 წლის გადაწყვეტილებებში საქმეებზე Vitan c. Roumanie და Cionca c. Roumanie, ასევე 2002 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე Butkevičius v. Lithuania. ამ შემთხვევებშიც საქმე შეეხობოდა ბრალდების მხარის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებს პირის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. ამისგან განსხვავებით, საქმეში Daktaras v. Lithuania სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულად არ მიიჩნია, რადგან სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის განცხადებები პირის დამნაშავეობასთან დაკავშირებით საქმის განხილვის ფორმატში იყო გაკეთებული და არა მისგან დამოუკიდებლად, მაგალითად, პრესკონფერენციაზე.

ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა ბრალდების მხარესაც ევალება იმ შემთხვევაში, როდესაც განცხადების გაკეთება ხდება არა სასამართლოში სისხლისამართლებრივი საქმის განხილვის ფორმატში, არამედ პრესკონფერენციის ან სატელევიზიო ინტერვიუს დროს. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება მოხდეს მხოლოდ ფაქტების აღწერის სახით, შეფასებითი, დეკლარაციული მსჯელობის გარეშე.

საგამოძიებო ორგანოების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის შესაძლებლობაზე ასევე მიუთითებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის პრაქტიკა. საქმეზე Gridin v. Russia კომიტეტმა მიიჩნია, რომ პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებები ბრალდებულის დამნაშავეობის შესახებ არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას", - აცხადებს TI.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ რომ შსს-ს მინისტრის მოადგილის მიერ მედიაში მტკიცებით ფორმაში გაკეთებული განცხადება პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე და შემდგომ, მისი მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ ვრცელდება ბრალდების მხარეზე, არ შეესაბამება საქართველოსთვის სავალდებულო უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს.

"მით უმეტეს, რომ იგი უშუალოდ არ წარმოადგენს ამ კონკრეტული საქმის გამომძიებელს ან პროკურორს, არამედ განცხადებებს აკეთებს, როგორც მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც კიდევ უფრო მკაცრი სტანდარტით მოეთხოვება უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა. მოვუწოდებთ თანამდებობის პირებსა და საგამოძიებო ორგანოებს, მათ საქმიანობაში იხელმძღანელონ ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტებით და თავი შეიკავონ მიმდინარე სისხლისამართლებრივ საქმეებზე ისეთი საჯარო შეფასებებისგან, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მათ", - ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

კომენტარები