პროკურორის მკვლელობა

მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ავტომობილი ნუცუბიძის IV პლატოზე იპოვეს

metro.us

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს. სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები მთელი ღამის განმავლობაში სწავლობდნენ E კლასის Mercedes-ის მარკის ავტომობილს. მანქანა უკვე გადაიტანეს სპეციალურ ავტოსადგომზე.

რუსთავი 2-ის ცნობით, ადგილობრივები ამბობენ, რომ გაჩერებული Mercedes-ი რამდენიმე დღის წინ შენიშნეს, თუმცა, მათი თქმით, არ იციან ვის ეკუთვნის ავტომობილი და არც ის დაუნახავთ, ვინ დააყენა იქ.

პროკურორ ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მისი ცხედარი 17 იანვარს, ქავთარაძეზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. მკვლელობაში ბრალდებულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხმის დამფუძნებელი ბიძინა კუჭავა გამოაცხადა. გამოძიების ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი იპოვეს, ბიძინა კუჭავამ დაიქირავა. ქირიას ცხედარს კი დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. შსს-ს ვერსიით, კუჭავამ, მას შემდეგ, რაც პოლიცია დაედევნა, თავი მოიკლა. ბიძინა კუჭავას ოჯახი ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება.

კომენტარები