არჩევნები გარდაბანში

კალაძე: ენმ მიზანმიმართულ პროვოკაციებს აწყობს

facebook.com/kakhakaladzeofficial

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე საკუთარ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციებს აწყობს.

"მოვუწოდებ ქართული ოცნების მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ, სიწყნარისკენ, არ აყვნენ არანაირ პროვოკაციებს, რომლებიც მიზანმიმართულად კეთდება ოპოზიციის მხრიდან. სხვა მიმართულებით, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს და ის იქნება გარდაბნის გამგებელი", - განაცხადა კალაძემ.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი საარჩევნო პროცესში სუს-ის თანამშრომლების ჩართვის შესახებ ბრალდებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, "შესაბამისი სამსახურების ჩარევები ჩავაბარეთ წარსულს".

"ყველას კარგად გვახსოვს, დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, როგორ უპირისპირდებოდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს, ჟურნალისტებს, როგორი ზეწოლა მიდიოდა, ეს საქართველოში დასრულდა და აღარასდროს განმეორდება. ჩვენს ჩატარებულ ყველა არჩევნებს ძალიან მაღალი შეფასებები მოყვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან", - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება მეცხრე საარჩევნო უბანთან გამგებლების მისვლის ფაქტს, ქართული ოცნების გენერალური მდივანი ამბობს, რომ "აგიტაციის ფაქტები არ მაქვს, მოსახლეობასთან საუბრის აკრძალვის უფლება კი, არავის არ აქვს. მათ შეუძლიათ, ესაუბრონ მოსახლეობას. ასევე, მისცენ ხმა წარმოდგენილ კანდიდატს".

კომენტარები