ქართველი სამხედროები აფრიკაში

ხიდაშელი: იცოდნენ, რომ იქ რაღაც დანაშაულებები ხდებოდა, მაგრამ დამიმალეს

facebook.com/mod.gov.ge

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, როცა მან, რამდენიმე კვირის წინ, მედიაში გამოჩენილი ინფორმაციის შემდეგ თავისივე უწყებაში მოიკითხა, ხომ არ არსებობდა დასახელებული დროის შემდეგ, რაიმე სახის "გადაცდომა" ევროკავშირის მისიაში, მას ინფორმაცია დაუმალეს.

"მე მოვიკითხე, იმის შემდეგ, ხომ არ ყოფილა რამე, ანუ ხომ არ ჰქონდათ რაიმე ეჭვი ან ინფორმაცია. მითხრეს, რომ არა. თუმცა, დღეს ვარკვევ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, ინფორმაციის დონეზე, (კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ ,არა ქართველი სამხედროების შესახებ, არამედ იმ ტერიტორიებზე, სადაც ქართველი სამხედროებიც იყვნენ სხვებთან ერთად), რომ რაღაც მსგავსი დანაშაულებები ხდებოდა, თავდაცვის სამინისტროში იცოდნენ.

უბრალოდ დამიმალეს და არ მითხრეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმ ინფორმაციებში არსად წერია, რომ ქართველებზეა საუბარი, მაგრამ წერია, რომ უკვე ეხება წუხილები, იმ დროს, როცა ჩვენ უკვე იქ ვართ სხვებთან ერთად, რომ იქ რაღაც ხდებოდა და არავინ აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროში ისეთი, არ დაინტერესდა, მათ შორის არც გენშტაბში, იმით, რომ გაერკვია რაიმე ქართველებთან მიმართებაში არსებობდა თუ არა და მოვედით აქამდე", - განაცხადა მინისტრმა.

თინა ხიდაშელმა ასევე განაცხადა, რომ ის ჯერ-ჯერობით არ აპირებს საუბარს დადგება თუ არა გენშტაბის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ზიდ რაად ალ ჰუსეინმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი და ფრანგი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც კომისარი ამბობს, უკიდურესად საგანგაშოა ბრალდებები არასრულწლოვნებზე სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის შესახებ. როგორც დოკუმენტში წერია, სავარაუდო კრიმინალური შემთხვევების უმეტესობა 2014 წელს მოხდა, თუმცა, მხოლოდ ბოლო კვირებში გამჟღავნდა.

როგორც დოკუმენტში წერია, გაეროს დელეგაცია რამდენიმე გოგონას ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ მათზე უცხოელმა სამხედროებმა სექსუალური ძალადობა განახორციელეს.

კომენტარები