ქართველი სამხედროები აფრიკაში

მარგველაშვილი ქართველ სამხედროებზე: უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოძიების შედეგებს ელოდება. ამის შესახებ მან ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა, სადაც NATO-ს ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

"ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, დღეს იყო ბევრი საამაყო ინფორმაცია ჩვენი მისიებიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. იმიტომ, რომ ქართველი ჯარისკაცები არიან ის სიამაყე, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვავლენთ და ვატარებთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, უნდა დაველოდოთ გამოძიებას და მის შედეგებს", - თქვა მარგველაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ზიდ რაად ალ ჰუსეინმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც კომისარი ამბობს, უკიდურესად საგანგაშოა ბრალდებები არასრულწლოვნებზე სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის შესახებ. როგორც დოკუმენტში წერია, სავარაუდო კრიმინალური შემთხვევების უმეტესობა 2014 წელს მოხდა, თუმცა, მხოლოდ ბოლო კვირებში გამჟღავნდა.

კომენტარები