ქართველი სამხედროები აფრიკაში

აფრიკაში მყოფ ქართველ სამხედროებს არასრულწლოვნებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ზიდ რაად ალ ჰუსეინმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი და ფრანგი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც კომისარი ამბობს, უკიდურესად საგანგაშოა ბრალდებები არასრულწლოვნებზე სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის შესახებ. როგორც დოკუმენტში წერია, სავარაუდო კრიმინალური შემთხვევების უმეტესობა 2014 წელს მოხდა, თუმცა, მხოლოდ ბოლო კვირებში გამჟღავნდა.

როგორც დოკუმენტში წერია, გაეროს დელეგაცია რამდენიმე გოგონას ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ მათზე უცხოელმა სამხედროებმა სექსუალური ძალადობა განახორციელეს.

"ოთხი გოგონას მტკიცებით, მოძალადეები ევროკავშირის მისიაში შემავალი კონტინგენტის წევრები არიან. ორმა გოგონამ თქვა, რომ გააუპატიურეს, ორი კი ამბობს, რომ სექსუალური კონტაქტის სანაცვლოდ მათ გადაუხადეს. მათ შორის, სამი გოგონა დარწმუნებულია, რომ მოძალადეები ქართველი სამხედროები არიან. სექსუალური ძალადობის დროს გოგონები 14-16 წლისები იყვნენ", - წერია დოკუმენტში.

ანგარიშში საუბარია ფრანგი სამხედროების შესახებაც, რომლებმაც 7 და 9 წლის გოგონასა და ბიჭზე 2014 წელს სავარაუდო ძალადობა განახორციელეს, რაც ორალურ სექსში გამოიხატებოდა.

როგორც დოკუმენტში წერია, კომისარმა გასულ კვირას საქართველოს და საფრანგეთის ხელისუფლებებს ბრალდებების შესახებ შეატყობინა. ანგარიშის თანახმად, ევროკომისარს დაუყოვნებლივ უპასუხეს და კონკრეტულ შემთხვევებზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები