ქართველი სამხედროები აფრიკაში

ჰერმანი: ბრალდებები სამხედროების მიმართ სრულად და სწრაფად უნდა გამოიძიონ

ტაბულა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი და ფრანგი სამხედროების მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიშს საქართველოში ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა. 

"ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს ამ ინფორმაციას. მიგვაჩნია, რომ ეს ბრალდებები სრულად და სწრაფად უნდა იქნეს გამოძიებული. აქვე მინდა, ავღნიშნო, რომ ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობა საკუთარ მისიებსა და ოპერაციებში სექსუალური ძალადობისა და ნებისმიერი სახის დანაშაულებრივი ქმდებების მიმართ. მორალური სტანდარტები ევროკავშირის ოპერაციებში დაცული უნდა იყოს" - განაცხადა იანოშ ჰერმანმა [რუსთავი 2-ის თარგმანი].

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ზიდ რაად ალ ჰუსეინმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი და ფრანგი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც კომისარი ამბობს, უკიდურესად საგანგაშოა ბრალდებები არასრულწლოვნებზე სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის შესახებ. როგორც დოკუმენტში წერია, სავარაუდო კრიმინალური შემთხვევების უმეტესობა 2014 წელს მოხდა, თუმცა, მხოლოდ ბოლო კვირებში გამჟღავნდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, "ყველა ზომას ვიღებთ, რათა დადგინდეს სიმართლე - გაბათილდეს აღნიშნული ინფორმაცია, ან - დადგინდეს და დაისაჯოს ის პიროვნება, რომელმაც შელახა ქართული მუნდირი".

კომენტარები