რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა

თურქეთი: რუსეთმა ისევ დაარღვია ჩვენი საჰაერო სივრცე

Sputnik

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა 29 იანვარს სირიის საზღვართან კიდევ ერთხელ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 29 იანვარს, ადგილობრივი დროით 11:46 საათზე, სირიის საზღვართან ახლოს, თურქული საჰაერო სივრცე რუსულმა რეაქტიულმა თვითმფრინავმა SU-34-მა დაარღვია. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ რუსულ თვითმფრინავს რუსულ და ინგლისურენოვან გაფრთხილებებზე რეაგირება არ ჰქონია.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, თუკი რუსეთი ამგვარ ქმედებებს განაგრძობს, ის შესაბამის საპასუხო შედეგებს მიიღებს. მისი თქმით, ასეთი უპასუხისმგებლო სვლები არც თავად რუსეთის ფედერაციას წაადგება და არც NATO-რუსეთის ურთიერთობას.

თავის მხრივ, ოფიციალური მოსკოვი გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და "უსაფუძვლო პროპაგანდას" უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი SU-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური ანკარის განცხადებით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი კი, საზღვრის დარღვევას უარყოფდა და ამბობდა, რომ თვითმფრინავი ჩრდილოეთ სირიაში დაფრინავდა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ განხორციელებული დარტყმა". რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები გაწყვიტა, უვიზო რეჟიმი გააუქმა და ეკონომიკური სანქციები დააწესა.

კომენტარები