თანხის მითვისება

სახელმწიფოს კუთვნილი 1 526 437 ლარის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

სამართალდამცველებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, შპს "სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდის" დამფუძნებელი, თეიმურაზ წივწივაძე დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საუბარია ავჭალის დასახლებაში არსებული ე.წ. ზაჰესის ხიდის და სარკინიგზო გზაგამტარის რეაბილიტაციის პროცესში ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულზე. როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ჩაეტარებინა ხიდისა და სარკინიგზო გზაგამტარის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიუჯეტის კუთვნილი 1 526 437 ლარი.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.

კომენტარები