მე და საზოგადოება

ლორთქიფანიძე: ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის სწავლება თქვენთვის მისაღებია?

მე გეკითხებით, ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის სწავლება არის თუ არა თქვენთვის მისაღები? თუ მეტყვით, რომ არ არის, მაშინ, რატომ მოხდა, რომ ზოგადი განათლების მართვის დეპარტამენტის მიერ ერთ-ერთ მოქალაქეზე გაცემულ ოფიციალურ წერილში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პირდაპირ აპელირებს იმაზე, რომ ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების სწავლების შესახებ, ავალდებულებს სამინისტროს, რომ მსგავსი ტიპის მიმღებლობის ამაღლების საკითხი შემოიტანოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. სწორედ ამის შედეგი ხომ არ არის ის, რომ მაგალითად, ვეკუას სახელობის მათემატიკურ სკოლაში გამოიფინა სწორედ ის პლაკატი, რომელზეც გამოხატული იყო ტრანსგენდერი და ეს იყო სწორედ მიმღებლობის ტესტი იმ სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელთა რიგში არიან ასევე მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასის მოწაფეები, ვისთვისაც გათვლილია თქენი სტანდარტი? ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი. თქვენ უნდა გაგვცეთ პასუხი კითხვაზე, ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის სწავლება არის თუ არა მისაღები განათლების დღევანდელი სისტემისთვის, განათლების მინისტრისთვის, თქვენთვის, როგორც მოადგილისთვის და იმ დეპარტამენტისთვის, რომლისთვისაც, უკვე ცნობილია ის ფაქტი, რომ მისაღებია, რადგან ამას ავალდებულებს თითქოს ევროპის საბჭოს ქარტია.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ლია გიგაურს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მიმართა, სადაც საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შედეგებს განიხილავენ, მათ შორის, საგანს - მე და საზოგადოება.

კომენტარები