მე და საზოგადოება

პრემიერი მე და საზოგადოებაზე: განათლების მინისტრს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ

მინდა, შევეხო რამდენიმე საკითხს, მათ შორის, განათლების პროგრამაში დისციპლინის - "მე და საზოგადოების" შემოღებას და გაუთავებელ თავდასხმებსა და სპეკულაციებს განათლების მინისტრის მიმართ. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მთავრობაში ამ საკითხის განხილვა გვქონდა. დაისვა შეკითხვები, მათ შორის საჯარო სივრციდან წამოსული, თუნდაც ყველაზე კრიტიკული შეკითხვები. აბსოლუტურად ყველა შეკითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, არის პასუხგაცემული და ამოწურული. მინდა, საჯაროდ განვაცხადო, ის, რომ საწყისი ადრეული ასაკიდანვე ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა პასუხისმგებლობის გრძნობა ვასწავლოთ და განუვითაროთ, მე მგონი, ამაში დადებითის გარდა არაფერია. რისკები ყველაფერში არსებობს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რისკები თავიდან ავიცილოთ. პედაგოგების მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ ის, რომ ასეთი რისკები შეიძლება არსებობდეს, არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა არ არის საჭირო. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და იმ შეხვედრაზე, რომელიც მე ვახსენე, ჩვენ ასეთ შეთანხმებას მივაღწიეთ. ამიტომ მე მინდა, რომ მთელი მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრს. ასევე მინდა, მას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გახსნას განათლების სამინისტროს კარი ნებისმიერი ასეთი დიალოგისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის ბრალდებები და ინსინუაციები ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, არანაირი კავშირი ამ საგანსა და ამ სპეკულაციებს შორის არ არსებობს. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ, თუკი რაიმე ასეთი რისკი შეიძლება იყოს ამ განხილვების პროცესში. ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც შესაძლოა მომავალში წამოიჭრას, უპირველეს ყოვლისა, განხილული უნდა იქნას მთავრობაში და შემდეგ უკვე გუნდურად გამოითქვას მხარდამჭერი განცხადებები იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, ვაკეთოთ ის, რაც სწორია და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ ის პროგრამები, რომლებიც ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგან მე და საზოგადოების დანერგვაზე.

კომენტარები