პარიზის ტერაქტები

ბელგიამ პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი აბდესლამი საფრანგეთს გადასცა

Belgian/French police

ბელგიის პროკურატურამ პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამის მოთხოვნა საფრანგეთში ექსტრადირების შესახებ დააკმაყოფილა.

ბელგიური მედიის ცნობით, აბდესლამის ექსტრადირების პროცედურა გუშინ, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვით განხორციელდა. ტერორისტი საფრანგეთში ჩასვლისთანავე ფორმალურად დააკავეს.

სალაჰ აბდესლამი ბელგიელმა სამართალდამცავებმა 18 მარტს, 4-თვიანი ძებნის შემდეგ, ბრიუსელში ჩატარებული ერთ-ერთი რეიდის დროს დაჭრეს და დააკავეს.

აბდესლამი პარიზის ტერაქტებში პირდაპირ მონაწილეობას უარყოფს. მისი თქმით, ის დანარჩენ ტერორისტებს მხოლოდ ტერაქტების ლოკაციებს აწვდიდა და ლოგისტიკის კუთხით ეხმარებოდა.

მარტის ბოლოს აბდესლამმა საფრანგეთში ექსტრადირება მოითხოვა. ასევე, მისი ბელგიელი ადვოკატის თქმით, ტერორისტი ISIS-ის წინააღმდეგ საფრანგეთის მთავრობასთან თანამშრომლობას დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ისლამურის სახელმწიფოს მიერ 2015 წლის 13 ნოემბერს მოწყობილი პარიზის ტერაქტების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა, 350-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები