პარიზის ტერაქტები

პარიზის ტერაქტის მოწყობაში მთავარი ბრალდებულის ადვოკატებმა მის დაცვაზე უარი თქვეს

Belgian/French police

პარიზის ტერაქტის მოწყობაში მთავარი ბრალდებულის სალაჰ აბდესლამის ადვოკატებმა მის დაცვაზე უარი თქვეს.

აბდესლამის ერთ-ერთი ადვოკატის ფრანკ ბერტონის თქმით, უარის მიზეზი ის არის, რომ აბდესლამი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ბერტონის თქმით, ის და სხვა ადვოკატები, თავიდანვე ამბობდნენ, რომ თუ აბდესლამი მუდმივად დუმილის უფლებას გამოიყენებდა, ისინი მის დაცვას შეწყვეტდნენ.

ცნობისთვის, საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, გამოძიების მიმდინარეობისას ადვოკატის საჭიროება არ არსებობს, თუმცა სასამართლო პროცესზე ადვოკატი აუცილებელია.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ისლამურის სახელმწიფოს მიერ 2015 წლის 13 ნოემბერს მოწყობილი პარიზის ტერაქტების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა, 350-ზე მეტი კი დაშავდა.

ტერაქტების მოწყობაში მთავარი ეჭვმიტანილი აბდესლამი 2016 წლის 18 მარტს დააკავეს, მარტის ბოლოს აბდესლამმა საფრანგეთში ექსტრადირება მოითხოვა. მისი იმდროინდელი ადვოკატის თქმით, ტერორისტი ISIS-ის წინააღმდეგ საფრანგეთის მთავრობასთან თანამშრომლობას დათანხმდა. ბელგიურმა მხარემ აბდესლამი საფრანგეთს 27 აპრილს გადასცა, თუმცა მისი საფრანგეთში ექსტრადირებიდან დღემდე, აბდესლამი დუმილის უფლებით სარგებლობს. გამოძიება კი ჯერ კიდევ ადგენს, თუ რა როლი ჰქონდა მას ტერაქტის მოწყობაში.

კომენტარები