ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ჭიაბერაშვილი: ენმ-ის წევრების სიიდან ამოღება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ლევან ბეჟშვილს პასუხობს. ჭიაბერაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ მიმართა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა წერილით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

"აქ რამდენიმე კრიტერიუმი იქნა გამოყენებული. ერთი იყო, რა თქმა უნდა, ის, რომ ნაწილი მათგანი მხარს არ უჭერდა პარლამენტში შესვლას. ზოგადად ჯგუფი, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, წინააღმდეგი იყო პარლამენტში შესვლის და ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის. მეორე, ამ ადამინებმა თავიანთი გადაწყვეტილებით პარტია შეიყვანეს ჩიხურ სიტუაციაში, საჯაროდ და ღიად ბოიკოტი გამოუცხადეს პოლიტსაბჭოს, სადაც უნდა დადგენილიყო ის წესები, რომელი წესების მიხედვითაც ჩატარდებოდა ყრილობა. ამ ეტაპზე საპარლამენტო დეპუტაცია აგრძელებს თავის საქმიანობას და ამაზე არანაირი ვარაუდების გამოთქმა საჭირო არ არის", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ლევან ბეჟშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის თაობაზე გამოთქმულ არგუმენტებში პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივები იკითხება. ასევე, მისი თქმით, ის და მისი არაერთი კოლეგა მხარს უჭერდნენ პარლამენტში შესვლას.

ენმ-ის აღმასრულებელმა მდივანმა, სერგო რატიანმა, ცესკო-ს წერილით მიმართა და საარჩევნო სიიდან იმ ადამიანების ამოღება მოითხოვა, რომლებმაც რატიანის თქმით, ყრილობის საორგანიზაციო, თვითგამოცხადებული ექვსეული შექმნეს, რითიც ნაციონალური მოძრაობის მმართველი ორგანო, პოლიტსაბჭო, გააუქმეს. სერგო რატიანის ცნობით, სიიდან ამოღებული არიან ნინო კალანდაძე, ეკა ხერხეულიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, დათო კირკიტაძე და ნუგზარ წიკლაური.

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, არ მიეღოთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და უარი ეთქვათ პარლამენტის მანდატებზე, რასაც ენმ-ის დეპუტატები არ დაემორჩილნენ.

კომენტარები