ნიკა გვარამიაზე თავდასხმა

პროკურატურა რატი გაჩეჩილაძისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს, 19:00 საათზე იმსჯელებს. პროკურატურა მისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს საპატიმრო უზრუნველყოფით, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდამდე გაჩეჩილაძე პატიმრობაში დარჩება.

რატი გაჩეჩილაძეს ბრალი დღეს წარედგინა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებიან.

გამოძიებას მის გარდა არავინ დაუკავებია, მიუხედავად იმისა, რომ გვარამია და სხვა მოწმეები ჯგუფურ ძალადობაზე მიუთითებდნენ.

ნიკა გვარამიას თავს 7 იანვარს რესტორან დაინინგ რუმში დაესხნენ, რა დროსაც ტვინის შერყევა მიიღო. მოგვიანებით, ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ, Facebook-ზე დაწერა, რომ თავდამსხმელი თავად იყო და მარტო მოქმედებდა. მისივე თქმით, "ეს იყო რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან". თავად ლევან გაჩეჩილაძე კი თვლიდა, რომ ხელის დარტყმისთვის მისი შვილი არ უნდა დაეკავებინათ.

კომენტარები