ნიკა გვარამიაზე თავდასხმა

თალაკვაძე: რატი გაჩეჩილაძისთვის გირაოს შეფარდება სამართლიანი გადაწყვეტილება იყო

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ნიკა გვარამიაზე თავდამსხმელისთვის გირაოს შეფარდებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. თალაკვაძემ იქვე აღნიშნა, რომ გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას.

"დაველოდოთ სასამართლო პროცესის და, ზოგადად, ამ პროცესის დასრულებას, გუშინ ვფიქრობ, რომ სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესში მხარეების ინტერესების დაცვას.

რაც შეეხება თვითონ ინციდენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ძალადობის ობიექტი ან ძალადობის ჩამდენი პირი", - განაცხადა თალაკვაძემ.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გაჩეჩილაძეს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე შეუფარდა. შესაბამისად, გაჩეჩილაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რატი გაჩეჩილაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებიან. გამოძიებას მის გარდა არავინ დაუკავებია, მიუხედავად იმისა, რომ გვარამია და სხვა მოწმეები ჯგუფურ ძალადობაზე მიუთითებდნენ. წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება.

ნიკა გვარამიას თავს 7 იანვარს, რესტორან დაინინგ რუმში დაესხნენ, რა დროსაც, ტვინის შერყევა მიიღო. მოგვიანებით, ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ, Facebook-ზე დაწერა, რომ თავდამსხმელი თავად იყო და მარტო მოქმედებდა. მისივე თქმით, "ეს იყო რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან". თავად ლევან გაჩეჩილაძე კი თვლიდა, რომ ხელის დარტყმისთვის მისი შვილი არ უნდა დაეკავებინათ.

კომენტარები